Tuesday, February 18, 2014

პედაგოგიური საქმიანობა

„მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მოზარდის სიყვარული უნდა დაიმსახუროს და გასაღებიც მის ხელში იქნება... მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით. დიდებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის მოტყუება შეუძლებელია, იგი გაცილებით მეტს გრძნობს, ვიდრე ჩვენ გვგონია“... (ილია II)
სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის სრულფასოვან და პიროვნულ განვითარებას. სკოლა და მასწავლებელი პიროვნების ჩამოყალიბების განმსაზღვრელი ფაქტორებია. ბავშვის ძირითადი თვისებებისა და პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბება სწორედ ცხოვრების ამ საფეხურზე ხდება.  სკოლისა და მასწავლებლის მთავარი მიზანი ბავშვის პირობნების ფორმირებაა.
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის სწავლების წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია, ბავშვის ფსიქიკური განვითარების კანონზომიერების გათვალისწინება. ბავშვთა ემოციური თავისებურების, მიდრეკილებებისა და ინტერესების ცოდნა მასწავლებელს ეხმარება დაამყაროს კონტაქტი ბავშვთან, თავიდან აირიდოს შეცდომები მათი სწავლისა და აღზრდის საკითხში.
          მასწავლებელი მოსწავლისათვის ერთგვარი მოდელი უნდა იყოს. ამიტომაც მასწავლებელი უნდა იყოს თავისი საგნის პროფესიონალი, ჰუმანური, კეთილი, გულისხმიერი, სამართლიანი და შრომისმოყვარე.
          წარმატებულ მასწავლებლად გახდომისათვის ბევრი შრომა და ძალისხმევაა საჭირო. პროფესიული თვალსაზრისით მასწავლებელი ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს.
          ყოველივე ამის გათვალისწინებით ვცდილობ ვიყო წარმატებული მასწავლებელი.  ვზრუნავ ჩემ პროფესიულ განვითარებაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ვცდილობ შევქმნა ეფექტური სასწავლო გარემო,  გავითვალისწინო  მასწავლებლის პროფესიული და საგნობრივი სტანდარტი, გავითვალისწინო განათლების სფეროში მიმდინარე  ცვლილებები და დავნერგო სასწავლო პროცესში.
          
            მოსწავლეებთან ურთიერთობისას ვამჟღავნებ დიდ სიყვარულს,  სითბოსა და მოთმინებას, რადგან ვარ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და სწორედ ამ ასაკის ბავშვებს სჭირდებათ ყველაზე მეტად მასწავლებლის მხარდაჭერა და თანადგომა. ვცდილობ ვიყო მხიარული, გულღია, ჰუმანური, სამართლიანი, კარგი მსმენელი და საერთოდ კომპეტენტური მასწავლებელი. მსურს რომ ჩემი მოსწავლეები მენდობოდნენ და მათთვის  ვიყო მისაბაძი პიროვნება.
            ჩემი აზრით, იმისათვის რომ ვიყო წარმატებული მასწავლებელი საჭიროა ვიყო კოლეგიალური. ვთანამშრომლობ კოლეგებთან, ვითვალისწინებ მათ შენიშვნებს და გამოცდილებებს. ხშირად  ერთად ვგეგმავთ გაკვეთილებს, ვქმნით დიდაქტიკურ და ელექტრონულ რესურსებს.

          პროფესიული საქმიანობისას ორიენტირებული ვარ ეროვნული სასწავლო გეგმის  სტანდარტებზე და მოსწავლეზე. მოსწავლეს არამარტო ვაძლევ ფორმალურ ცოდნას, არამედ  ვარ მისი დამხმარე სწავლა- სწავლების რთულ პროცესში. ვითვალისწინებ მათ ასაკობრივ თავისებურებებს, ინტერესებს, ცოდნასა და განვითარების დონეს. ვცდილობ განვუვითარო მათ თვითდაჯერებულობა, თვითშეფასება, საკუთარი სწავლების მართვა და ინოვაცია, გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა, ლიდერობა, კრიტიკული აზროვნება,  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო და მედია უნარებ,პრობლემის გადაჭრის უნარი და სხვა უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა ოცდამეერთე საუკუნის სრულფასოვანი ადამიანისათვის. 
            ახალი მიდგომები მასწავლებელს ახალ მოთხოვნებს უყენებს.
ისევე როგორც ყველა სხვა ინოვატორი მასწავლეველი, მეც დადებითად ვარ განწყობილი სიახლეების მიმართ. ვცდილობ ახლებურად დავგეგმო გაკვეთილი, გამოვიყენო სხვადასხვა დიდაქტიკური და ელექტრონული რესურსი, გაკვეთილი დავტვირთო ბავშვებისათვის საინტერესო აქტივობებით, გამოვიყენო ახლებური შეფასების სისტემა. ვატარებ ინტეგრირებულ გაკვეთილებს. ხშირად ვიყენებ გაკვეტილზე სხვადასხვა დიდაქტიკურ თამაშებს, რათა გაკვეთილი არ იყოს მოსაწყენი და ბავშვები არ გადაიღალონ.
             ვცდილობ, რომ არც ერთი მოსწავლე არ დამრცეს ყურადღების გარეშე, რათა თითოეულმა მათგანმა სრულად გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები....